English / ქართული / русский /
ელენე ჩიქოვანი
გარემოს დაცვითი სტატისტიკის სრულყოფის ზოგიერთი საკითხისათვის საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარების მდგომარეობა საქართველოში. გაანალიზებულია გარემოს დაცვის ინდიკატორთა წრის დამუშავების სფეროში არსებული გამოწვევები ქვეყანაში. მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის განყოფილების მიერ განსაზღვრული მიმართულებები, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის ძირითად სფეროებს ასახავს. აღნიშნული სფეროების მიხედვით გამოვლენილია გარემოს დაცვის სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების სფეროში არსებული ნაკლოვანებები და ჩავარდნები. მოცემულია რეკომენდაციები გარემოს დაცვის სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის სრულყოფის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებებს შესახებ საქართველოში.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ეკოლოგია, ეკოსისტემა, გარემოსდაცვითი სტატისტიკა, სტატისტიკური ინფორმაცია, ეკოლოგიური უსაფრთხოება

შესავალი

ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, ურბანიზაციისა და ეკოლოგიური კატაკლიზმების გაღრმავების კვალობაზე, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პარალელურად, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გარემომცველი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები. შესაბამისად, ეკონომიკური აღმავლობის კვალდაკვალ, თანამედროვე მსოფლიოს ყველა ქვეყნის განვითარების უმთავრესი პირობა ხდება გარემომცველ სამყაროზე მისი გავლენის შეფასებისა და მასზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკის შემუშავება, რაც პირდაპირ უკავშირდება გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარების საკითხებს. ბუნებრივია, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამომავლო პოლიტიკამ უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართებით არსებობს, რაც პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვითი სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის დანერგვისა და სტატისტიკური დაკვირვების ადეკვატური ფორმების გამოყენების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა გატარებას. ამასთან, აუცილებლობას წარმოადგენს ძალისხმევის მიმართვა არა მარტო ცალკეული ქვეყნების გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარებისა და ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებისაკენ, არამედ არსებულ გამოწვევებზე ქვეყნების აქტიურ ერთობლივ რეაგირებასა და ღონისძიებების კოორდინაციისაკენ.

* * *

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური განყოფილების მიერ შემუშავებული ჩარჩო-რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულია 12 ძირითადი მიმართულება, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის მთავარ სფეროებს ასახავს [ FDES 2013: 3-4].
ესენია:
  ნიადაგი
  ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება
  მიწის საფარი და მიწის გამოყენება
  ტყის რესურსები
  ჰაერის ხარისხი
  მინერალური რესურსები
  ენერგეტიკული რესურსები
  მემცენარეობისა და მეცხოველეობის სტატისტიკა
  წყლის რესურსები
  ნარჩენების გენერაცია და მართვა
  ადამიანთა დასახლებები
  გარემოსდაცვით ღონისძიებებზე გაწეული დანახარჯები.

ზემოაღნიშნული მიმართულებების მიხედვით ადეკვატური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება პრიორიტეტულს ხდის სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, რათა სრულფასოვნად შეფასდეს ცალკეულ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში გარემოს დაბინძურებისა და ეკოლოგიური კატაკლიზმების ყოველგვარი გამოვლინება და შესაძლებლობა მიეცეთ ქვეყნებს, უპასუხონ არსებულ გამოწვევებს და ამით უზრუნველყონ ეკონომიკის მდგრადი, უსაფრთხო განვითარებისა და მოსახლეობის დაცულობის გარანტიები.

გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარებას, ისევე, როგორც საერთოდ სტატისტიკის განვითარებას, ქვეყანაში მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის არსებითია პრობლემის მნიშვნელობა და მისი პრიორიტეტულობა ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისათვის, არსებული ჩარჩო კანონმდებლობისა და პოლიტიკის არსებობა, ძირითადი საპროგრამო დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, ვალდებულებები საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, სტატისტიკური სამსახურის მზაობა სტატისტიკური დაკვირვების წარმართვისათვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტარისა და საკადრო პოტენციალის არსებობა, მთავრობის, ასევე დაინტერესებული წრეების მხრიდან ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა და მასზე დროული რეაგირება.

ზემოაღნიშნული და რიგი სხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზეგავლენით, უახლოეს წარსულში გარემოსდაცვითი სტატისტიკა, სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული სტატისტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არ მოიაზრებოდა, რამაც განაპირობა ქართულ რეალობაში გარემოსდაცვითი სტატისტიკის ფრაგმენტული განვითარება და მისი დაშორება ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან, რაც პირდაპირ აისახა გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარების მდგომარეობასა და წარმოებული ინფორმაციის ხარისხზე. შესაბამისად, გარემოსდაცვითი სტატისტიკის ზემოაღნიშნული 12 მიმართულებიდან საქართველოში ნაწილი მიმართულებებისა სტატისტიკური დაკვირვებით საერთოდ არ არის მოცული, ნაწილი ფრაგმენტულად არის განვითარებული, ხოლო მაჩვენებელთა ნაწილი კი მეთოდოლოგიურ სრულყოფასა და სტატისტიკური კვლევების ორგანიზებისათვის საკადრო უზრუნველყოფასა და ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს [საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2017: 6-65].

მიუხედავად უკვე არსებული სტატისტიკური ინფორმაციისა, საქართველოში გაუმჯობესებას მოითხოვს ნიადაგის მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მაჩვენებლების სისტემა, რომელშიც მოიაზრება ფართობების განაწილება ნიადაგის ტიპების მიხედვით, ინფორმაცია ნიადაგის დეგრადაციის, ნიადაგის ეროზიის, გაუდაბნოებისა და მეწყერსაშიში ზონების შესახებ.

ქვეყნის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას გავრცელებული ფლორისა და ფაუნის, ენდემური ფლორისა და ფაუნის, დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის, დაცული ტერიტორიების სტრუქტურის, ფრინველთა და ცხოველთა კატეგორიების, დაცული ტერიტორიების შენახვაზე გაწეული დანახარჯებისა და მომუშავეთა რაოდენობის შესახებ. თუმცა, გასაუმჯობესებელია ინფორმაცია ეკოსისტემის ზოგადი დახასიათების, ეკოსისტემის ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების, ბიომრავალფეროვნების, დაცული საჰაერო და საზღვაო სივრცის, დაცული ფლორისა და ფაუნის სახეობების შესახებ [Eco systems and biodiversity FDES 2013. Version 1.0 May 8, 2018: 3].

მიწის საფარისა და მიწის დაცვის მაჩვენებელთა წრე ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მიწის გამოყენების, მიწის საკუთრების, მიწის კატეგორიების, ეროვნული ორგანული მიწათმოქმედების შესახებ. თუმცა არ არსებობს ინფორმაცია მიწის ფართობების ირიგაციის, ტყის მდგრადი მართვისა და აგრომეტყევეობის შესახებ [საქართველოს სოფლის მეურნეობა 2017: 5-96].

საქართველოში მუშავდება ტყის რესურსებისა და მისი დაცვის ამსახველი სტატისტიკური მაჩვენებლები, ტყის აღდგენა და გაშენება, ტყის თესვა და დარგვა, ტყის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა, ტყის უკანონო ჭრა, ტყისა და ველის ხანძრები.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მაჩვენებლები მოიცავს ინფორმაციას ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის, სტაციონარული წყაროების რაოდენობის და გაფრქვეული მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფის შესახებ. ასევე რადიაციული ფონის, ჰაერში ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობის შესახებ [Air Quality: FDES 2013. Version 1.0 November 6, 2018: 3].

წყლის რესურსების, წყალარინებისა და წყალმომარაგების მაჩვენებლებთან ერთად მუშავდება წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების მდგომარეობის ამსახველი, აგრეთვე სასმელი წყლის დაბინძურების მაჩვენებლები.

საქართველოში 2005 წლიდან არ ქვეყნდება სტატისტიკური ინფორმაცია მინერალური რესურსების შესახებ, კერძოდ, ინფორმაცია კომერციალიზაციას დაქვემდებარებული რესურსების მარაგების, ახალი საბადოების აღმოჩენის, მარაგების ზრდის, რეკლასიფიკაციის, ექსტაქციის (ამოღების), კატასტროფული დანაკარგების, მინერალური რესურსების მარაგების შემცირების, არაკომერციული და სხვა ცნობილი რესურსების, მინერალების წარმოებისა და ვაჭრობის, მინერალების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის გარემოსდაცვითი სტატისტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს [Mineral Resources Statistics. FDES2013. Version 1.0 December 28, 2016: 2].

საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით ენერგეტიკული რესურსების სტატისტიკა უნდა მოიცავდეს კომერციალიზაციას დაქვემდება¬რე¬ბული ენერ¬გე¬ტიკული რესურსების მარაგების, ახალი რესურსების აღმოჩენის, დანაკარ¬გე-ბის, არაკომერციული ენერგეტიკული რესურსების, არაგანახლებადი ენერგიის წარ-მო¬ების წყაროებისა და წარმოების, პირველადი ენერგიის წარმოების, მეორადი ენერგიის წარმოების, ენერგიის საბოლოო მოხმარების შესახებ [Energy Resources Statistics.FDES2013. Version 1.0 December 28, 2016: 2].
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამუშავებს ინფორმაციას მემცენარეობისა და მეცხოველეობის სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემის, ორგანული და ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების შესახებ.
საქართველოში არ არსებობს ნარჩენების გენერაციისა და მართვის ამსახველი სტატისტიკა. ქვეყანაში არ მუშავდება ინფორმაცია წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის შესახებ ნარჩენების წარმოქმნის წყაროების მიხედვით. წარმოქმნილი საშიში ნარჩენების რაოდენობის შესახებ, მუნიციპალური ნარჩენების, შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენების, გადამუშავებული ნარჩენების შესახებ ნარჩენების ტიპების მიხედვით, მუნიციპალური ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის, აგრეთვე ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის მოწყობილობების მწარმოებლურობის შესახებ. საშიში ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის მოწყობილობათა მწარმოებლურობის შესახებ. სხვა სამრეწველო ნარჩენების გადამუშავებისა და უტილიზაციის, მათი გადამამუშავებელი მოწყობილობების სიმძლავრეების, რეციკლირებული ნარჩენების, საშიში ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ [Generation and Management of Waste.FDES2013. Version 1.0.November 2, 2018: 3-4].

განსაკუთრებით აქტუალურია მყარი და ლიკვიდური ნარჩენების გენერაციისა და მართვის საკითხები, მათ შორის ინფორმაცია მყარი და ლიკვიდური ნარჩენების, მუნიციპალური და ჰოსპიტალური ნარჩენების მართვისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ. სტატისტიკური დაკვირვებით არ არის მოცული მათი გავრცელება და ზეგავლენა ადამიანზე. დამუშავებას მოითხოვს ეკოლოგიური ჯანმრთელობის სტატისტიკურ მაჩვენებელთა წრე, რომლებმაც უნდა ასახოს გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც მოითხოვს ავადობის ძირითადი სახეების გავრცელების შესახებ სპეციალური კვლევების ჩატარებასა და ჯანდაცვის სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის სრულყოფას.

საქართველოში ადამიანთა დასახლებების სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქად და სოფლად დასახლებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არსებული მონაცემებით. არ არის მონაცემები შერჩეული საბაზისო მომსახურებისადმი მოსახლეობის მისაწვდომლობის შესახებ. გაუმჯობესებული სანიტარული მოწყობილობების გამოყენების შესახებ, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, წყლის ფასის, ელექტროენერგიისადმი მისაწვდომლობისა და ელექტროენერგიის საფასურის, საცხოვრებელი პირობების, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ჯურღმულებსა და მიყრუებულ ადგილებში, საფრთხის შემცველ და რისკიან ზონებში. სამშენებლო მასალების შესახებ, რომელებიც ადგილობრივი ან ეროვნული სტანდარტებით არის დადგენილი, გარემოს დაბინძურების ზემოქმედების, ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების, გარემოს ხმაურით დაბინძურების გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ძირითად ქალაქებში. ურბანული დასახლებებისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური საკითხების, ურბანული განვითარების, გამწვანების, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის, ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით მოსარგებლე მოსახლეობის, გზატკეცილების მდგომარეობის, ქალაქდაგეგმარებისა და ზონირების რეგულაციებისა და ინსტრუმენტების არსებობის, ქალაქდაგეგმარებისა და ზონირების რეგულაციების ეფექტურობის მაჩვენებლების შესახებ ძირითად ქალაქებში [Human settlements.FDES 2013. Version 1.0 January24, 2018: 3-4 ].

შედარებით ახალია ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ქვეყნდება სტიქიური მოვლენებისა და სამართალდარღვევების შესახებ. დაწყებულია მუშაობა კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელიც მოიცავს გეოლოგიური მოვლენების (მეწყერი, ღვარცოფი) რაოდენობას, ადამიანთა მსხვერპლისა და საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტების, ასევე სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შემთხვევათა რაოდენობის შესახებ.

სტატისტიკური დაკვირვების მიღმა არის დარჩენილი ადრეული გაფრთხილების ინფორმაციული სისტემების დანერგვის საკითხები. მაშინ, როდესაც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დაარსებული ევროკავშირის სასურსათო ობსერვატორიის მიერ 2000 წლიდან იქნა დაწყებული მუშაობა ადრეული გაფრთხილების ინფორმაციული სისტემების დანერგვისა და მოსავლის პროგნოზირების მიმართულებით, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში გაგრძელება არ მოჰყოლია. გასათვალისწინებელია ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში გარემოს ზეგავლენით სურსათის უვნებლობის სფეროში არსებობს. უკანდახევად შეიძლება ჩაითვალოს ეკოლოგიური განათლების მაჩვენებელთა დაუმუშავებლობა, რაც ადრე აისახებოდა სტატისტიკურ კრებულებში. აქ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ ეკოლოგიის პროფილის კურსდამთავრებულთა გამოშვების მაჩვენებლების ანალიზზე. თუმცა, ეკოლოგიური განათლება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ უმაღლესი განათლებით. გასათვალისწინებელია ეკოლოგიური განათლების მაჩვენებლების გაანგარიშება, რომლებსაც ადგილი აქვს სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლების, აგრეთვე სპეციალურ და ზრდასრულთა უწყვეტი განათლების პროგრამებში.

მწირია ინფორმაცია გარემოს დაცვასა და რესურსების მართვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯების შესახებ, რაც უნდა დაიყოს წლიურ სახელმწიფო გარემოსდაცვით და წლიურ სახელმწიფო რესურსების მართვის დანახარჯებად. სპეციალურ ყურადღებას მოითხოვს გარემოსდაცვითი დანახარჯების სტატისტიკის განვითარება, რომელმაც უნდა შეაფასოს გარემოს დაცვაზე გაწეული სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო სექტორის დანახარჯები.

გასათვალისწინებელია ინდიკატორთა ახალი წრის შემოღების აუცილებლობა, რომელიც ასახავს ამოღებული ჯარიმებისა და გატარებული სანქციების შესახებ მონაცემებს, ასევე ეკოლოგიური გადასახადების, გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევებისა და ტრანსფერების ოდენობას.

გასააქტიურებელია უწყებებს შორის კოორდინაციის საკითხი, რაც მოითხოვს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურსა და სხვა დაინტერესებულ უწყებებს შორის. აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან (იგულისხმება გაერთიანებული ერების სტატისტიკური განყოფილება, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კომისიის სტატისტიკის განყოფილება, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), აქტიური თანამშრომლობა და მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვა.

დამაიმედებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაცია. ამჟამად გარემოს დაცვის სტატისტიკა სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი გარემოს სტატისტიკის სამმართველოს სახით არის წარმოდგენილი. გარემოსდაცვითი სტატისტიკის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აუცილებლად გვესახება აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის საკადრო და ფინანსური პოტენციალის გაძლიერება და გარემოსდაცვითი სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის რეფორმირება, დროში გაწერილი და სათანადო რესურსებით უზრუნველყოფილი სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია, გარემოსდაცვითი სტატისტიკური დაკვირვების ორგანიზება ზემოაღნიშნული ძირითადი მიმართულებების მიხედვით მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დასკვნა

გარემოს მდგომარეობის შეფასების აუცილებელ პირობას გარემოსდაცვითი სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის სრულყოფა წარმოადგენს. საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება ეყრდნობა გარემოს დაცვითი სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური განყოფილების მიერ შემუშავებული ჩარჩო რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით არის განსაზღვრული.

საქართველოში მუშავდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის განყოფილების მიერ რეკომენდებული გარემოსდაცვითი სტატისტიკის ძირითადი ინდიკატორები. ჩამორჩენა შეინიშნება ნარჩენების სტატისტიკის, ურბანული და ადამიანთა დასახლებების, ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით.

გარემოსდაცვითი სტატისტიკის სრულყოფის ღონისძიებათა გატარება მოითხოვს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას ქვეყნის დაინტერესებულ სამთავრობო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარემოსდაცვითი სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემის დანერგვისა და სტატისტიკური დაკვირვების ორგანიზაციის, სტატისტიკური კვლევების ჩატარების მიმართულებით, რაც უნდა აისახოს შესაბამის მეთოდოლოგიური, საკადრო და ფინანსური უზრუნველყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და მოითხოვს შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და რეალიზაციას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2017. სტატისტიკური პუბლიკაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თბილისი, 2018.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობა 2017. სტატისტიკური პუბლიკაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბილისი, 2018.
3. Manual on the Basic Set of Environment Statistics. United Nations. Statistics Division. FDES 2013
4. Soil Characteristics of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013. Version 1.0 16 October 2018. https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes.cshtml
5. Air Quality: Local air quality of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013. Version 1.0 06, November 2018. https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes.cshtm
6. Eco systems and biodiversity of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013. Version 1.0 08, May 2018 https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes.cshtm
7. Water Resources Statistics (Sub-component 2.6 Water Resources of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013) Version 1.0 7, June 2017.
8. Generation and Management of Waste (Topics 3.3.1 Generation of waste and 3.3.2 Management of waste of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013). Version 1.0.November 2, 2018: https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes.cshtml
9. Mineral Resources Statistics (Subcomponent 2.1 Mineral Resources of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013) Version 1.0 28 December 2016 Methodology sheets of the Basic Set of Environment Statistics of the FDES: http://unstats.un.org/unsd/environment/FDES/Manual_BSES.htm http://unstats.un.org/unsd/environment/fdes.ht
10. Energy Resources Statistics (Sub-component 2.2 Energy Resources of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013) Version 1.0 28 December 2016. http://unstats.un.org/unsd/environment/FDES/Manual_BSES.htm
11. Human settlements of the Basic Set of Environment Statistics of the FDES 2013.Version 1.0 28. December 2016.
https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes/manual_bses.cshtml https://unstats.un.org/unsd/envstats/fdes.cshtm